ანაკლია-განმუხურში საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქციისა და ბულვარის ტერიტორიიდან ზღვის სანაპირომდე ჩასასვლელი ბილიკებისა და ველობილიკების აღდგენაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, თავდაპირველად გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა არავის მიუღია, რის გამოც მისი ხელახლა გამოცხადება გადაწყვიტეს.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ მუნიციპალიტეტი სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.
სამივე ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჯამური ღირებულება 1 365 328 ლარია.
ანაკლიასა და განმუხურში ტურისტული სეზონისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. მერიის ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე 500-მდე სხვადასხვა სახის მრავალწლიან მცენარეს რგავენ. გარდა ამისა, მდინარე ენგურის შესართავთან არსებული კაფე-რესტორნის აღდგენა, საშხაპეებისა და გასახდელების მოწყობა, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებისა და სტიქიის დროს დაზიანებული განმუხურის ამფითეატრის რეკონსტრუქცია იგეგმება.