ზუგდიდის მერიამ ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქციისთვის 454 385 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში განახლდება ხიდის ლითონის კონსტრუქცია და შეიღებება ხიდის მოაჯირები. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 160 კალენდარულ დღეში დასრულდება.
ანაკლია-განმუხურის ხიდი რომ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, ამის შესახებ შპს “ანაკლია-განმუხური-რესორთის“ დირექტორმა ბესიკ თოდუამ ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხიდს, რომელსაც 18 მილიონი ლარი მოხმარდა, საგარანტიო ვადა უკვე გაუვიდა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ანაკლია-განმუხურის ხიდზე გარკვეული სარეკონსტრუქციო სამუშაოები რამდენჯერმე, მათ შორის, 2015 წელსაც ჩატარდა.