ამხანაგობა “აქოლისმა“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მცხეთის გენგეგმასთან დაკავშირებით პირველი ეტაპის სამუშაოები წარუდგინა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც ამხანაგობა “აქოლისში“ აცხადებენ, მომსახურების I ეტაპი მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შედგენისთვის, წინასაპროექტო კვლევასა და სტრატეგიული განვითარების ხედვის (კონცეფციის) შემუშავებას, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების შემუშავებისთვის საკანონმდებლო ბაზის კვლევას ითვალისწინებდა.
მათივე ინფორმაციით, შინაარსობრივად, I ეტაპზე ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა: ფიზიკური გარემოს კვლევას, რომელიც, თავის მხრივ, შედგებოდა ფიზიკური გარემოს ფიქსაციის, კულტურული და ბუნებრივი ფასეულობების მონაცემების შეგროვებისა და უფლებრივი გარემოს ფიქსაციისგან; დოკუმენტურ კვლევასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
შესაბამისად, წინამდებარე ანგარიში შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ორთოფოტოსურათი და ლიდარული სკანირება; ტოპოგეოდეზიური რუკა; საკადასტრო რუკა და უფლებრივი მონაცემები; საყრდენი (საბაზისო) რუკა; საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის რუკა; კულტურული ფასეულობების მონაცემები და შესაბამისი რუკა; ბუნებრივი ფასეულობების მონაცემები და შესაბამისი რუკა; ზოგად გეოლოგიური მონაცემების რუკა; ზოგად სეისმური მონაცემების რუკა; ზოგად კლიმატური მონაცემების რუკა; ეკოლოგიური მონაცემები და შესაბამისი რუკა; წინასწარი სოციოლოგიური მონაცემები; ტურიზმის შეფასების კვლევა; დოკუმენტური კვლევა; ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და განვითარების ხედვა.