დაბა აბასთუმანში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა აშენდება. პროექტი, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს, ასევე, აბასთუმნისა და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.
როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს და პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 11 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 18 457 855 ლარია.
“ამ დროისთვის, აბასთუმანში არსებული კანალიზაციის სისტემა ამორტიზებულია, წყალარინების გამწმენდი ნაგებობა კი დანგრეულია და არ ფუნქციონირებს. კურორტზე კანალიზაციის ქსელი გასული საუკუნის 70-იან წლებში მოეწყო და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
პროექტით გათვალისწინებულია არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაც, არსებული ქსელი მოძველებულია და რეკონსტრუქციას საჭიროებს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა, წყალმომარაგების ქსელი და მილდენი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარს.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მაისში იგეგმება და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, რის შემდეგაც 1 000-მდე ადგილობრივი და ათასობით დამსვენებელი წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ, ექნებათ უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება”, – აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 727 121 ლარით ფინანსდება.