მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საწყისი ბიუჯეტი 25 ათასი ევროა.
“ერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს გრანტის სახით, 10 მილიონ ევროს გადმოსცემს. პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში 32 დევნილი ოჯახისთვის, რომლებიც ადგილზე წლებია ცხოვრობენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან, სოფლის ტიპის დასახლება მოეწყობა. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საწყისი ბიუჯეტი 25 ათასი ევროა”, – განმარტავენ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტოტი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“მხარეებმა დეტალურად განიხილეს, რეგიონში განსახორცილებელი გეგმები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო მიმართულებით, იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გაიცემა გრანტები ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით და 260-მდე ახალგაზრდა დევნილი გაივლის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში,
შეხვედრის მიმდინარეობისას შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის კონკრეტულ უბნებში, სააღმზრდელო დაწესებულებების სიმცირეზე ისაუბრა და პროექტის ფარგლებში, შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდაცია ქალაქში ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამუშაოებს გაუწია.
აღსანიშნავია, რომ პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2021 წელს დასრულდება.
დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი 22 თებერვალს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტოტმა მოაწერეს.