პირველ აპრილს, ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიიის თავმჯდომარის ვიოლეტა ბალახაშვილის განცხადებით დაიწყო. მან დეპუტატებს პოზიციის დატოვების შესახებ აცნობა.
“პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის, ვიოლეტა ბალახაშვილის განცხადების შემდეგ სხდომა “ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ დეპუტატმა ბაკურ გელაშვილმა და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ბაქარ შირაძემ დატოვეს.
“ვიოლეტა ბალახაშვილი კარგადაც მუშაობდა და კარგადაც უძღვებოდა თავის საქმეს, ახლა კი აიძულეს დაეტოვებინა თანამდებობა. მიზეზი ისაა, რომ “ქართული ოცნების“ დეპუტატების შეყვანა უნდათ კომისიების თავმჯდომარეებად, ამიტომ დავტოვეთ სხდომა და წამოვედით“, – ამბობს ბაქარ შირაძე.
თავად ბალახაშვილი პოზიციიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს: “ჩემი სურვილი იყო, დავწერე განცხადება და წამოვედი. ახლა არ მცალია ძალიან ბევრი საქმე მაქვს, სხვა დროს დამირეკეთ და გეტყვით მიზეზს“, – ამბობს სატელეფონო საუბარში.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი კი ამბობს, რომ „ბალახაშვილის კომისიის გადაწყვეტილებებს აღმასრულებელი ხელისუფლება არ ითვალსწინებდა. ყოველთვის წინააღმდეგობები ხვდებოდა სხვადასხვა საკითხში და გადაწყვიტა საბოლოოდ დაეტოვებინა ეს თანამდებობა“.
იმავე დღეს, პირველ აპირლს საკრბულომ სხდომის მიმდინარეობისას განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიიის თავმჯდომარედ ფარული კენჭისყრით, “ქართული ოცნების“ დეპუტატის რევაზ ლაშხი აირჩია.
“სპორტში ძალიან ბევრს იცნობს კარგი ურთიერთობები აქვს და ნაყოფიერად იმუშავებს ამ პოზიციაზე“, – აცხადებენ დეპუტატები.
საკრებულოს თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ვიოლეტა ბალახაშვილის საკრებულოში სხვა თანამდებობას დაიკავებს: “იგი ახალ ფრაქციას “უკეთესი ბორჯომისაკენ“ უხელმძღვანელებს, რომელიც პირველ აპრილს ჩამოყალიბდა და “პატრიოტთა ალიანსის“ წევრები გაერთიანდნენ“.
ბორჯომის საკრებულოს პირველი აპრილის რიგგარეშე სხდომაზე სულ 16 საკითხი იყო გატანილი. მათ შორის, დეპუტატ ჩაჩანიძის საკრებულოდან გარიცხვა და გარემოს დაცვის კომისიის ახალი თავმჯდომარის შერჩევა.