ბორჯომის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს

1083

წინა სტატია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველ აპრილს გამართულ სხდომაზე დეპუტატ ზაზა ჩაჩანიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

როგორც ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი ამბობს, გადაწყვეტილება ჩაჩანიძის გარიცხვის შესახებ, იურიდიული კომისიის დასკვნის შემდეგ მიიღეს.

“საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ დადო დასკვნა, რომ ჩაჩანიძე ექვსი თვის განმავლობაში საკრებულოს მუშაობაში არ მონაწილეობდა. ამიტომ გავრიცხეთ და ახლა ცესკოს უნდა მივმართოთ, რომ პროპორციული სიის მიხედვით ახალი დეპუტატი შემოგვიყვანოს”, – განმარტავს გოგიჩაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოში სულ 17 რიგგარეშე და გეგმიური სხდომა ჩატარდა, საიდანაც ჩაჩანიძე მხოლოდ სამს დაესწრო, მას არც საკრებულოს სხვა საქმიანობაში მიუღია მონაწილეობა. თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით კი დეპუტატი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში ზედიზედ არასაპატიო მიზეზით ესწრება უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.