ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა აშენდება

967

სტატიის გაგრძელება

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ხელმღვანელობით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელმაც იმსჯელა და გადაწყდა, რომ 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

ამასთან, მისი თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდში ახალ ბიბლიოთეკას ააშენებს, რომელსაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი მიენიჭება,

ასევე, ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტა მარკას გამოსცემს. განათლების სამინისტრო შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად კი, ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას დააწესებს, რომელიც ყოველწლიურად, 31 მარტს გაიცემა. ამასთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ  ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები და წიგნები. ამავე დროს საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება.

შეგახსენებთ, რომ გორში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ითხოვენ. წალენჯიხაში და ჩხოროწყუში კი ზვიად გამსახურდიას ბიუსტს დადგამენ.