წალენჯიხაში და ჩხოროწყუში ზვიად გამსახურდიას ბიუსტს დადგამენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
წალენჯიხაში ზვიად გამსახურდიას ბიუსტის დასადგამად ადგილი უკვე შერჩეულია. ბიუსტი, ცენტრალურ პარკში განთავსდება და წარწერად საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიტყვებს “წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოას“ დააწერენ. წალენჯიხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – შპს “დეკორაციების და ქანდაკებების სახლმა“ მიიღო. მან მერიას სამუშაოების შესრულება 12 ათას ლარად შესთავაზა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 15 ათასი ლარია. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დასრულდეს.
ამასთან, ზვიად გამსახურდიას ძეგლი ჩხოროწყუს ცენტრალურ სკვერშიც დაიდგმება, სადაც ადრე სტალინის ბიუსტი იდგა. ჩხოროწყუს მერის, დათო გოგუას განცხადებით, ზვიად გამსახურდიას ბიუსტზე ჩხოროწყუს მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინა.
“კვარცხლბეკითა და ყველაფრით, დაახლოებით, 20 ათასი ლარი დაჯდება. ასევე, მოეწყობა ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი. ძეგლი ზუსტად იმ ადგილას დაიდგმება, სადაც ადრე სტალინის ბიუსტი იყო“, – განაცხადაა დათო გოგუამ.