ბორჯომში 3 ქუჩაზე სხვადასხვა სახის სამშენებლო – სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, გამსახურდიასა და 9 აპრილის ქუჩებზე მოეწყობა ფეხით სავალი ნაწილი, აღმაშენებლის ქუჩაზე კი რეაბილიტაცია ცენტრალური გზის გამყოლ კედელს ჩაუტარდება.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, გამსახურდიასა და 9 აპრილის ქუჩებზე ტროტუარებს რეაბილიტაცია 700 გრძივი მეტრ მონაკვეთზე ჩაუტარდება, აღმაშენებლის ქუჩაზე კი გამყოლი კედელი ბაზალტის ფილებით მოპირკეთდება და ლითონის მოაჯირები მოეწყობა.
„ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ძველი დაზიანებული ფილების დემონტაჟი. პროექტი მასშტაბურია და ხორციელდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით. სამუშაოებისათვის ჯამში 436 000 ლარი გაიხარჯება“,- აღნიშნა გამგებელმა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომში კოსტავას, გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე პარალელურად მიმდინარეობს ღობეების, კიბეების, საყრდენი კედლებისა და საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაციის სამუშაოები.
აღნიშნული პროექტები ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამუშაოები სხვადასხვა ობიეტებზე დაწყებულია და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
წყარო: ინტერპრესნიუსი