მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედურ არჩევნებთან ერთად გაიმართება, თუმცა, ცესკოს თარიღი ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია. დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მხოლოდ მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი არჩევნების თარიღი გამოაცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განმატებით, ცესკოს დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრა მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი პროცედურა და ახალი ვადები.
“მოგეხსენებათ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ორივე არჩევნები, ასევე, უნდა გაიმართოს მაისის თვეში, თუმცა, მათი დანიშვნის თარიღი და შესაბამისი ვადები არის განსხვავებული. ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციამ განსაზღვრა და ასევე გეგმავს, რომ ეს ორი არჩევნები ჩატარდეს ზუსტად იმ დროს, როდესაც ტარდება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, ანუ 19 მაისს. შესაბამისად, ვადების სრული დაცვით იქნება ეს ორი არჩევნები დანიშნული”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
როგორც ცნობილია, მერების რიგგარეშე არჩევნები 5 საარჩევნო ოლქში უნდა ჩატარდეს და მოსახლეობამ ხულოს, ზუგდიდის, ჭიათურის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები ხელახლა უნდა აირჩიოს.
ზუგდიდის მერი, ვიცე-მერთან ერთად, თანამდებობიდან 12 სექტემბერს გადადგა. ორი თვის შემდეგ კი ის და მისი ყოფილი მოადგილე დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია.
ჭიათურის მერი თანამდებობიდან 2018 წლის 27 სექტემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. გადადგომის მიზეზად კი ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატთან და პოლიციის უფროსთან კონფლიქტი დაასახელა. ნადირაძემ განაცხადა, რომ ისინი მას პროვოკაციებს უწყობდნენ.
ხულოს მერი თანამდებობიდან 2018 წლის 18 ოქტომბერს გადადგა, ხოლო ზესტაფონის მერი – 2019 წლის 2 თებერვალს. ორივე მათგანმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რაც შეეხება მარნეულის მერს, ის პროკურატურამ 2018 წლის 13 ივნისს მოქალაქის – ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. 13 დეკემბერს კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 2019 წლის 13 თებერვალს აბაზოვს მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მისივე განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება შეუწყვიტა.
ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნებიან ამ საარჩევნო ოლქებში პოლიტიკური პარტიების მერობის კანდიდატები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში არაერთი ვერსია დასახელდა, პარტიებს ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს გადიან, რათა კანდიდატები შეთანხმებულად დააყენონ და ამით გამარჯვების შანსი გაზარდონ.
კანდიდატების დასახელებას არ ჩქარობს არც მმართველი პარტია. “ქართული ოცნებაც” და სხვა პოლიტიკური პარტიებიც კანდიდატების ვინაობას არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ გაასაჯაროებენ.