ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის ინტერესის საგანს მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაცია წარმოადგენს.
“საქმე ეხება 2015-2017 წლებს. აქვე ვაცხადებთ, რომ პროექტის შეუსრულებლობის გამო ფოთის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში შეწყვიტა და ამჟამად საქმე სასამართლოშია“, – განაცხადეს მერიაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს.
“ფოთის მერიაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე შევედით, ამოღებულია დოკუმენტები გარკვეულ საქმეზე და მიმდინარეობს მათი შესწავლა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. როგორც კი რამე დადგინდება, შუალედური პასუხი გვექნება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით ახალს ვერაფერს ვიტყვით“, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.