ფოთში 3 კორპუსის ევროპულ სტილში რეკონსტრუქციის პროექტში მუნიციპალიტეტმა 1 400 000-მდე ლარი დახარჯა. შენობის ფასადი ერთი შეხედვით კარგად გამოიყურება, რომ არა დეტალები, რომელიც მას ნელ-ნელა ძვრება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
კორპუსების უხარისხო რეაბილიტაცია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში მოხვდა. დოკუმენტში წერია, რომ სამუშაოების თავდაპირველ შემსრულებელთან, ვადების დარღვევის გამო ფოთის მერიამ ხელშეკრულება გაწყვიტა. მერიამ კომპანიას სანქციაც – 469 700 ლარი დააკისრა, თუმცა ამ თანხის ამოღება ვერ მოხერხდა. პროცედურების დაწყების მომენტში თანხის გარანტორი კომპანია უკვე ლიკვიდირებული იყო.
დღეს საკრებულოს თავმჯდომარე, ფოთის ყოფილი მერი, რომლის მუშაობის პერიოდსაც აუდიტის დასკვნა ემთხვევა დადებითად აფასებს იმას, რომ პირველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი ახალი კომპანია მოიძია, რომელსაც სამუშაოები დაასრულებინა.
ახალი კომპანიაც თავდაპირველი შემსრულებლის კვალს გაჰყვა და სამუშაოები მანაც უხარისხოდ შეასრულა. აუდიტის დასკვნაში ისიც წერია, რომ ფოთის მერიამ ორივე: ძველი და ახალი შემსრულებისგან სამუშაოები ისე ჩაიბარა, რომ მისი ხარისხი არ შეუმოწმებია.
ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ფოთის მერიამ ობიექტი შემოწმების გარეშე ჩაიბარა. ასე მოხდა ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური, მალთაყვას პროექტის შემთხვევაშიც, რომელზეც 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. დახარჯული მილიონობით ლარის მიუხედავად, ბულვარის გარკვეული მონაკვეთი დაუსრულებელია. ასევე არავინ დაიცვა პირუტყვისგან ხე-მცენარეები, რომელთა ყიდვაზეც 90 ათას ლარამდე დაიხარჯა.
იმის მიუხედავად, რომ შემსრულებელი კომპანია სამუშაოებს უხარისხოდ ასრულებდა, მუნიციპალიტეტი კომპანიას პროექტის დასრულებისთვის ვადას პერიოდულად მაინც უხანგრძლივებდა. ბოლოს კომპანიის დაჯარიმება მოუხდა, თუმცა შეღავათი ამ შემთხვევაშიც გააკეთა.
კერძოდ, ფოთის მერიამ ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა, ჯარიმის პროცენტი შეამცირა და 120 000 ლარის ნაცვლად კომპანია 13 700 ლარით დააჯარიმა.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ხელშეკრულების შეცვლით კანონი დაირღვა. ამიტომ მალთაყვის საქმე, ფოთის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილ სხვა დარღვევებთან ერთად, უკვე პროკურატურაშია.
პროკურატურაში გაიგზავნა კიდევ ერთი საქმე, რომელიც კიდევ ერთ 480 000-ლარიან ტენდერს ეხება. აუდიტორის დასკვნით, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ 100 ათასი ლარი იზარალა. გარდა ამისა, ამას გარდა მერიამ გამარტივებული წესით 6 შესყიდვაში 816 ათასი ლარი ისე გადარიცხა, რომ კომპანიებისგან ფაქტობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ მოუთხოვია. აუდიტს ეჭვი აქვს, რომ მერიას თანხები ზედმეტად აქვს ანაზღაურებული.
კიდევ ერთი საქმე, რომლის ტენდერის საერთო ღირებულება მილიონ ნახევარი ( 1 503 600) ლარია. ფოთის ყოფილი მერი და საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, რომ ფული არავის “შეუჭამია”, თუმცა მეორის მხრივ ადასტურებს, რომ მოპირკეთების სამუშაოების დასრულების შემდეგ მისი ხარისხი არ შეუმოწმებია.
ადგილობრივ მცხოვრებლებს კი აქვთ ინფორმაცია, ოღონდ დაუდასტურებელი, რომ ირაკლი კაკულია ჯერ ფოთის მერობის და შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში გამდიდრდა. ამის მაგალითად ფოთელებს ის მშენებარე სამედიცინო ცენტრი მოჰყავთ, რომლის დამკვეთიც მისი ძმა ვახტანგ კაკულიაა. თავად ყოფილი მერი და საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, რომ თანამდებობაზე ყოფნამ მას ბევრი ვერაფერი შესძინა.