ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ თამარ ჯიქიამ განაცხადა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან საზოგადოებრივი დარბაზი შეიქმნება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
დარბაზი იქმნება სამეწარმეო და არასამეწარმეო პირებისგან. წევრთა რაოდენობა შეზღუდული არ არის, თითოეულ არასამთავრობო ორგანიზიციას ორი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს.
საზოგადოებრივ დარბაზს შეუძლია გამოთქვას მოსაზრებები და რეკომენდაციები განსახილველ პროექტებთან დაკავშირებით, შესთავაზოს ბიუროს დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა, მოითხოვოს საკრებულოს ბიუროსა და საზოგადოებრივი დარბაზის ერთობლივი სხდომის ჩატარება, მომზადოს და წარუდგინოს საკრებულოს, ან მერიას წინადადებები, მოისმინოს დეპუტატების და თანადებობის პირების ანგარიშები.
სათათბირო ორგანო უკვე წლებია არსებობს ზუგდიდის მერიასთან, საკრებულოს საზოგადებრივი დარბაზი კი წელს პირველად ყალიბდება.
თამარ ჯიქიას განცხადებით, საზოგადოებრივი დარბაზის შექმნაზე საჯარო შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.