ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატი: აუდიოჩანაწერის ავთენტურობას სადავოს არავინ ხდის

947

წინა სტატია

აუდიოჩანაწერის ავთენტურობას სადავოს არც არავინ ხდის. აქ ჩვენ სადავოს ვხდით, რომ უკანონოდ არის მოპოვებული. განაცხადა ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ლაშა გოგია ნებაყოფლობით მივიდა და ჩააბარა ხმის ნიმუში, მოწმობს ერთ რამეს – რომ არაფრის ეშინია, მათ შორის, ამ ჩანაწერის. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

დაცვის მხარის განმარტებით, ყოფილი მერი დამნაშავე რომ ყოფილიყო, ჩანაწერი კი ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულება, ის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

“ექსპერტს ჩვენ დავუსვით კითხვები – ლაშა გოგიას ნებაყოფლობით რომ არ მიეცა ხმის ნიმუშის აღების საშუალება, თქვენ ჩაატარებდით თუ არა ექპერტიზას. ექსპერმა გვითხრა, რომ ვერ ჩაატარებდნენ“, – ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე.

მისი თქმით, თავად ჩანაწერი არაფერს ისეთს არ შეიცავს, რომელიც, შესაძლოა, დანაშაულს ამტკიცებდეს, არამედ არის უკანონო თვალთვალის და მიყურადების შედეგად მოპოვებული. ადვოკატი განმარტავს – სწორედ ამის გათვალისწინებით, სასამართლოს აუდიომასალა მტკიცებულებად არ უნდა დაეშვა.

“ფაქტობრივად სასამრთლომ თავისი გადაწყვეტილებით თქვა, რომ მიაყურადეთ ვისაც გინდათ და უთვალთვალეთ. ექსპერტი დაბნეულად საუბრობდა. პროკურორი ერთვებოდა, უსწორებდა და გარკვეულ მიმართულებას აძლევდა, რაც მოწმეზე ზეწოლაა“, – აღნიშნა ლაშა გოგიას ინტერესების დამცველმა.

მომდევნო სხდომა 5 მარტს, 13:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც აუდიოჩანაწერს მოისმენენ.

ექსპერტების თქმით, ტელევიზიით გავრცელებული ჩანაწერი, სადაც ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები და ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია ფიგურირებს, ავთენტურია.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუს-ში 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა – 21  500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შეთანხმების მიხედვით, 11 500 ლარი განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 500 ლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.

დეკემბერში ამავე საქმეზე მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს.

ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატის თქმით, ლაშა გოგია ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს და ბევრი რამის თქმას აპირებს.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება.