სტიქიის შედეგად დაზიანებული განმუხურის ამფითეატრის აღსადგენად პროექტი მომზადდება, რისთვისაც 80 ათასი ლარი გამოიყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით გახარიას თქმით, სწორედ ამ მოცულობის თანხით შემცირდება რეგიონებში განსახორცილებული ფონდიდან და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება. შედეგად, 80 ათასი ლარით გაიზარდა შპს „ანაკლია-განმუხური რესორტსის“ ბიუჯეტი, რომლის ბალანსზეც ამფითეატრი ირიცხება.
“ამფითეატრის შენობა უმოკლეს პერიოდში მოითხოვს ფართომასშტაბიან რეკონსტრუქციას, ვინაიდან საკურორტო ზონაში ტურისტული სეზონი იწყება მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან, ამფითეატრი კი წარმოადგენს ამ საკურორტო ზონაში დაგეგმილი გასართობი და კულტურული ღონისძიების ეპიცენტრს“, – აცხადებენ საკრებულოში.
მათივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, აღდგენის სამუშაოებისთვის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, თუმცა ამისთვის საჭიროა შესაბამისი პროექტის არსებობა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერმა ქარმა განმუხურის ამფითეატრს სახურავი შარშან, ნოემბრის თვეში გადახადა. სტიქიამ მაშინ მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციული ერთეულებიც დააზარალა.