ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სუნელებითა და სანელებლებით გარევაჭრობა აიკრძალება

792

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარევაჭრობის პროცესს სპეციალური წესი დაარეგულირებს. დადგენილება პირველი მარტიდან უნდა ამოქმედდეს. დოკუმენტს ხელს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწორია აწერს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც “საკანონმდებლო მაცნეშია“ აღნიშნული, გარევაჭრობის რეგულირების მიზანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვაა.

ბრძანების თანახმად, გარევაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები, ყვავილები, ხილ-ბოსტნეული მხოლოდ მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები, გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, წყლები და ნაყინი. რაც შეეხება საოჯახო მეურნეობაში ნაწარმოები საკვები პროდუქტებით, საკონდიტრო ნაწარმით და პურ-ფუნთუშეულით, მარცვლეულით და ხილ-ბოსტნეულით გარევაჭრობა დასაშვებია მცირე ბაზრობების გამოყოფილ ტერიტორიაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტმა არ დაუშვა სუნელებისა და სანელებლებით გარევაჭრობა.

გარევაჭრობის კონტროლს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური განახორციელებს.

მუნიციპალიტეტში გამოყოფილია ის ქუჩებიც, სადაც გარევაჭრობა (გარდა პრესის, სუვენირების, ლოტოს ჯიხურებისა და სერვისის ავტომატური მომსახურების აპარატებისა) კატეგორიულად აკრძალულია. ეს ტერიტორიებია: ზვიად გამსახურდიას გამზირი სრულად; ცენტრალური ბულვარის ტერიტორია; მუზეუმის ცენტრალური შესასვლელი; ნარმანიას ქუჩა; შოთა რუსთაველის ქუჩა; კედიას ქუჩის დასაწყისიდან ბოლომდე, ყველა ჩიხის ჩათვლით; თეატრის ქუჩა; მეუნარგიას ქუჩა; ცოტნე დადიანის ქუჩა; სოხუმის ქუჩა მდინარე „ჩხოუშის“ ხიდამდე; ლაღიძის ქუჩა; მერაბ კოსტავას ქუჩა ნიკოლაძის ქუჩის კვეთამდე; გამარჯვების ქუჩა; მარცხენა სანაპიროს ქუჩა; ვახტანგ VI -ს ქუჩა; ნ.ნიკოლაძის ქუჩა კოსტავას ქუჩის კვეთამდე; შ. კიტიას ქუჩა; აღმაშენებლის ქუჩა; თაბუკაშვილის ქუჩა თავისუფლების ქუჩის კვეთამდე;

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარევაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესშია განმარტებული, გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს გარკვეული ვადით ან სეზონურად, ასევე სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე, ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.