ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა განაცხადების შესწავლა-შეფასება დასრულდა. კონკურსში გამარჯვებული ამხანაგობა “აქოლისი” გახდა, რომელშიც დარგობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული 8 საპროექტო ჯგუფია გაერთიანებული.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, UNESCO-ს მიერ ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლების (ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავრო) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეტანით, მცხეთის ისტორიულ ქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა.
მათივე ინფორმაციით, უსისტემო და ქაოტური ქალაქგანვითარების თავიდან აცილების მიზნით, UNESCO-სთან აქტიური თანამშრომლობით შემუშავდება ისეთი დოკუმენტი, რომელიც ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს ქალაქს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მის სიცოცხლისუნარიანობის განვითარებას.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი 2018 წლის ნოემბერში გამოცხადდა.