ზუგდიდის მერიას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შესაძლოა, ხელშეკრეულების შეწყვეტა მოუწიოს (ვიდეო)

977

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცემერი გიორგი შენგელია აფრთხილებს კომპანიას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტით მომსახურებაზე. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტით მომსახურებაზე, გამოცხადებული გვქონდა ტენდერი. კომპანიამ, რომელმაც ორშაბათიდან დაიწყო თავისი მოვალეობის შესრულება, ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. თუ მსგავსი ფაქტები გაგრძელდება უახლოეს დღეებშიც, მაშინ ჩვენ იძულებულები ვიქნებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები წამოვწიოთ და სხვა რეჟიმში ვიმუშავოთ ამ კომპანიასთან“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მერიაში აცხადებენ, რომ სოფლებში სკოლებისთვის ტრანსპორტის მომსახურებაზე ტენდერი შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 172 000 ლარი გამოიყო. მათივე ცნობით, კომპანიის მიერ ნაკისირი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ისინი სააგენტოსაც მიმართავენ.

კომპანია “საქ-ავტოტრანსი 2014-ში“ კი ამბობენ, რომ პრობლემები მძღოლებთან აქვთ, თუმცა მის მოგვარებაზე ფიქრობენ.

“ვმუშაობთ ამ საკითხზე და პრობლემებს ორშაბათამდე გამოვასწორებთ“, – განაცხადა აბესალომ ჩუხუამ.

მოსწავლეებს მიკროავტობუსი მუნიციპალიტეტის იმ 39 სოფელში ემსახურება, სადაც სკოლა 2 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული.

ზუგდიდის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელ კახა ფარცვანიას განცხადებით, დღეს მიკროავტობუსი 27 სოფელში არ მისულა.