ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მობილური აპლიკაცია შეიმუშავა. აპლიკაცია “IGovZugdidi“ ორენოვანია და ხელმისაწვდომია როგორც “Android-ის”, ასევე “iOS” სისტემებისთვის.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, აპლიკაცია ერთი კვირის წინ შეიქმნა და მასზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.
მათივე ინფორმაციით, აპლიკაციის საშუალებით მოქალაქეები შეძლებენ შეიტყონ სიახლეები მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების შესახებ. როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, აპლიკაციაში არის სხვადასხვა კატეგორიები. ამასთან, აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია წერილის გაგზავნა, საკრებულოს აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღება და სხვა.
მობილური აპლიკაციის შექმნის ვალდებულება მუნიციპალიტეტის საკრებულომ “ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში აიღო და მისი პარტნიორი ზუგდიდის მერიაა.