ცხოველთა თავშესაფრის პროექტის ავტორებმა გამოცემა “რადიო მოზაიკას” განუცხადეს, რომ “ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი გადაწერილია”. მათი თქმით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია მათი პროექტის განხორციელებას საავტორო უფლებების უგულებელყოფით ცდილობს.
ცნობისთვის, თავშესაფრის მშენებლობის პროექტზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე ჩაატარა და გამარჯვებული კომპანიაც გამოავლინა. ხელისუფლებამ კი უკვე ისიც დაანონსა, რომ მიუსაფარ ცხოველთა პრობლემების გადაჭრის მიზნით, თავშესაფრების მშნებელობა მიმდინარე წელს დაიწყება.
“პროექტი მოპარულია და დეტალების საბოლოო დაზუსტების შემდეგ, სასამართლოს გზით დავიწყებთ საავტორო უფლებების დაცვას”, – აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ავტორი.
მისივე თქმით, პროექტი მოამზადა და მისი პრეზენტაცია სხვადასხვა რეგიონებში ა(ა)იპ “სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა” გააკეთა.
“ანალოგიური ტიპის (სიმძლავრეების განსხვავებით) პროექტები მოვუმზადეთ და გადავეცით ასევე კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს. ამასთან, დასრულების ეტაპზეა პროექტი, რომელიც მორგებულია ქვემო ქართლის რეგიონზე და ისიც მომზადდა სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით. შიდა ქართლის შემთხვევაში, ჩვენი პროექტი გადაწერეს, მაგრამ გაზარდეს ცხოველთა საერთო განთავსების ვოლიერების რაოდენობა, რითიც პროექტის პარამეტრები დაამახინჯეს და მთლიანად კონცეფცია დაარღვიეს”, – ამბობენ ავტორები.
ოფიციალური ინფორმაციით, პროექტი სოფიო ბეროშვილს და ლაშა გეგეჭკორს ეკუთვნით.
“2018 წლის 23 მარტს გორში ჩავატარეთ პროექტის პრეზენტაცია. მოგვიწვია მაშინდელმა სახელმწიფო რწმუნებულმა კახა სამხარაძემ. როდესაც ახალი სამხარეო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, მანაც დაგვიძახა, მოწვეული ჰყავდა 4 – ვე მუნიციპალიტეტის მერი, თავიდან გავიარეთ პროექტი და არანაირი შენიშვნა ან შესწორება მასში არ შეუტანიათ”,- ამბობენ ავტორები.
მათი თქმით, თუ ხელისუფლება პროექტის საავტორო უფლებებს არ დაიცავს, ისინი სასამართლო დავას დაიწყებენ.
ამასთან, პროექტის ავტორებსა და მერიას შორის ცხოველთა თავშესაფრის პროექტში შეტანილი ცვლილებები ახალციხეშიც სადავო გახდა.