სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ
ავტორი: თინათინ ზაზაძე
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარის პროექტში ახალციხის მერიამ ვოლიერების რაოდენობა გაზარდა და ახალი შენობის აშენების სანაცვლოდ, ძველის რეაბილიტაცია გადაწყვიტა. ეს ცვლილებები ნაჩუქარ პროექტში ისე შეიტანა, რომ ავტორს წინასწარ არ შეუთანხმდა. ეს ავტორის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
სამცხე–ჯავახეთის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს ახალციხის სოფელ ფარეხაში აკეთებენ. პროექტი რეგიონს ა(ა)იპ “სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა“ ლაშა გეგეჭკორმა უსასყიდლოდ გადასცა. თუმცა მან იმის შესახებ, რომ პროექტში ცვლილებები შეიტანეს, სახელმიწფო შესყიდვების ვებ–გვერდიდან შემთხვევით შეიტყო.
“სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე აღმოვაჩინე, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდს ტენდერი გამოუცხადებია და მთავარი პარამეტრი შეუცლიათ – ვოლიერების რაოდენობა 90–დან 250–300–მდე გაუზრდიათ. აპირებენ, რომ თავშესაფარი ცხოველთა მუდმივი ბინადრობის ობიექტი გახადონ, ეს დაუშვებელია“, – ამბობს გეგეჭკორი.
მისივე თქმით, სოფელ ფარეხას ტერიტორიაზე, თავშესაფრისთვის ახალი შენობის აშენების ნაცვლად, ძველი შენობის რეაბილიტაცია იგეგმება, რაც იმას გულისხმობს, რომ თავშესაფარი შესაბამისი სტანდარტებით ვეღარ მოეწყობა:”ის შენობები, როლებშიც თავშესაფრის მოწყობას გეგმავენ, ერთმანეთისგან დაშორებულია. არადა წესით, ყველა ვოლიერს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ტრაპი, შემდეგ ამ ტრაპებმა გასაფილტრად თავი დახურულ საკანალიზაციო სისტემაში ერთად უნდა მოიყარონ. შეცვლილი პროექტით კი ეს ასე ვეღარ მოეწყობა და თავშესაფარი იქნება დაავადების გავრცელების კერა. ეს იქნება ცხოველთა საპრყობილე, ამიტომ დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ჩვენი პროექტი გამოიყენონ ფრაგმენტულად. საერთოდ უარი თქვან ამ პროექტზე, ან დადონ ალტერნატიული ვერსია. არცერთი თავშესაფარი არ მუშაობს მუდმივი ბინადრობის პრინციპით, ეს გამორიცხულია“.
ახალციხეში თავშესაფარი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით კეთდება. ტენდერი მან სამცხე–ჯავახეთის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის აშენებისთვის, საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად 52 070 ლარზე 11 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, თავშესაფარი განთავსდება სოფელ ფარეხის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში, რომელიც იგივე დანიშნულებით გასული საუკუნის 90–იან წლებში ფუნქციონირებდა.
მგფ–ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტენდერი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიწოდებული პროექტის საფუძველზე გამოაცხადეს: “როგორც ვიცით მერიის მიერ გამოგზავნილი კონცეფტი არის ის, რაც თვითმმართველობას უფასოდ გადასცეს, დანარჩენი ახალციხის მერიაში გაარკვიეთ“.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ ლაშა გეგეჭკორის მიერ შეთავაზებულ პროექტზე უარი არ უთქვამთ, თუმცა ცვლილებები ნამდვილად შეიტანეს: “ეს პროექტი განხორციელდება, მაგრამ არა იმ მასშტაბებით, როგორც პროექტში ეწერა. ზოგიერთი შენობა არსებობს და ახალს ხომ არ ავაშენებთ?! ამიტომაც ხარჯთაღრიცხვა ზუსტდება, მუნიცპალური განვითარების ფონდმა ტენდერი სწორედ ამისთვის გამოაცხადა. ახალი პროექტით თავშესაფრის ფართობი უფრო დიდი იქნება“.
მას შემდეგ რაც აღნიშნული საკითხით „სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, ახალციხის მერი პროექტის ავტორს, ლაშა გეგეჭკორს ტელეფონით დაუკავშირდა და ცვლილებების შესახებ ესაუბრა.
“ახლა შედგა ჩემი სატელეფონო საუბარი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან. მითხრა, რომ ა(ა)იპ “სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ პროექტს იყენებენ. როგორც მერმა ამიხსნა, ვოლიერების რაოდენობა მხოლოდ თავშესაფრის პროფილის შემდგომი განვითარების მიზნით დაამატეს. რაც შეეხება არსებული შენობების რეკონსტრუქციას, მერი დამპირდა, რომ ამაში პროექტის ავტორებს აქტიურად ჩაგვრთავენ“, – გვითხრა გეგეჭკორმა.