“ცხოველების მუდმივად გამოკეტვა დაუშვებელია” – რატომ გახდა სადავო თავშესაფრის პროექტი ახალციხეში

1635

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: თინათინ ზაზაძე

ცხოველთა თავშესაფრის პროექტის ავტორი ლაშა გეგეჭკორი, მის გარეშე პროექტში შეტანილი ცვლილებების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლებისგან საჯარო განმარტებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის უკან გაწვევას და სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

სოფელ ფარეხასთან მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფორნდმა ტენდერი გამოაცხადა. საპროექტო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტების მიხედვით, პირვანდელ პროექტში, რომელიც ლაშა გეგეჭკორმა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას უფასოდ გადასცა ცვლილებებია შეტანილი. პროექტში ცვლილებები ავტორის გარეშე შეიტანეს, ამან კი მისი უკმაყოფილება გამოიწვია.

პირვანდელი ვერსიის მიხედვით, სოფელ ფარეხაში თავშესაფარი 5 000 კვმ ფართობზე უნდა განთავსებულიყო, სადაც ახალი შენობების აშენება იგეგმებოდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენერით თავშესაფრის ფართობი 23 600 კვ. მეტრამდე გაიზარდა, ახლი შენობის აშენების ნაცვლად კი ძველი 90–იან წლებამდე აშენებული შენობის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელიც წლების წინ ცხოველების თავშესაფარი იყო. გარდა ამისა პირვანდელთან შედარებით იზრდება ვილიერების რაოდენობაც. თავშესაფარი 90–ის ნაცვლად 250–300 მდე ცხოველს დაიტევს.

პროექტის ავტორის აზრით, ვოლიერების რაოდენობა იმიტომ გაზარდეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება თავშესაფარს ცხოველების მუდმივი გამოკეტვისთვის გამოიყენებს. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ლაშა გეგეჭკორი სასამართლოში ჩივილს აპირებს. პროექტის ავტორს ეს ეჭვი მას შემდეგ გაუმყარდა, რაც ცხოველთა თავშესაფრის თემაზე “სამხრეთის კარიბჭის“ მიერ მომზადებულ მასალას ფეისბუქის გვერდზე სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების უფროსმა მარინა გაჩეჩილაძემ კომენტარი დაუწერა.

“ასეთი პროექტის განხორციელება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კამათი დეტალებზე. თუ მიუსაფარ ძაღლებს მუდმივი თავშესაფარი ექნება, რა არის ამაში ცუდი? რამდენი გაძვალტყავებული ძაღლი შიმშილობს გული დაგეწვება“, – წერს მარინა გაჩეჩილაძის კომენტარში.

“მარინა არ გახლავთ რიგითი მკითხველი, 300 ძაღლზე გათვლილი ვოლიერი თავშესაფარში წარმოუდგენელია და ვფიქრობთ, რომ გამიზნულია აქ ცხოველები მუდმივად განათავსონ. ამას სხვადასხვა საფრთხე მოჰყვება. ეს დაავადების გავრცელების კერა იქნება, ასევე მათი კვება და მოვლა ბიუჯეტს დააწვება. ამ ყველაფერს მოყვება ცხოველის მოკვდინება, ანუ დახოცვა წავა“.

მისი თქმით, სამცხე–ჯავახეთის სამხარე ადმინისტრაციამ საჯაროდ უნდა განმარტოს თუ რატომ სჭირდებათ ვოლიერების გაზრდა: “თუ ეს ვოლიერები თავშესაფრის შემდგომი განვითარებისთვის უნდათ, ჩვენ გადავუგზავნეთ მათ სამშენებლო რენდერები და ვუთხარით, რომ ტერიტორიაზე არის საკმარისი ფართი იმისთვის, რომ იქ შემდგომ ვიფიქროთ პროფილის დამატებასა და გაფართოებაზე“.

‘ცხოველების მუდმივად გამოკეტვა დაუშვებელია’ – რატომ გახდა სადავო თავშესაფრის პროექტისამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი მარინა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მისი კომენტარი პროექტის ავტორმა არასწორად გაიგო, რადგან მან ეს დაწერა, როგორც რიგითმა მოქალაქემ და არა როგორც გუბერნიის თანამშრომელმა: „ხშირად ვსეირნობ ახალციხის ტბაზე და ვხედავ სამფეხა ძაღლს, ვფიქრობ, რომ ასეთ ცხოველს მოვლა და კვება სჭირდება და მისთვის თავშესაფარი კარგი იქნება, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი სურვილია. მე ვესაუბრე ახალციხის მერს ზაზა მელიქიძეს და მან განმარტა, რომ თავშესაფარში ცხოველების გამოკეტვა არ იგეგმება, პირიქით ცხოველს დახმარებას აღმოუჩენენ, ჩაუტარებენ აცრებს და დააბრუნებენ ისევ იმ ადგილზე, საიდანაც აიყვანეს”.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ პროექტის ავტორი უკმაყოფილოა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს, რადგან გუბერნია აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით თვითმმართველობას, ავტორსა და მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის მხოლოდ მედიატორის როლს ასრულებდა.

“საკონტაქტო პირი ვიყავი, დავაკავშირე მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალციხის მუნიციპალიტეტს, წავყვევი ვაჩვენე ადგილი,სადაც თავშესაფარი უნდა აშენდეს. გარდა ამისა როგორც ბატონმა ლაშამ მოითხოვა, მოვამზადე წერილი, რომელიც მუნიციპალური გავითარების ფონდს გავუგზავნე, სადაც გარკვევით ეწერა, რომ მან გადმოგვცა კეთილი ნებით პროექტი სრულიად უსასყიდლოდ. სულ ეს იყო, ამით დამთავრდა ჩვენი მონაწილეობა ამ საქმეში“, – გვითხრა გაჩეჩილაძემ.

ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ ა(ა)იპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელის“ ლაშა გეგეჭკორის შეშფოთება უსაფუძვლოა და სოფელ ფარეხაში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით კეთდება. მერის თქმით, ვოლიერების გაზრდილი რაოდენობა არა ცხოველთა გამოკეტვის, არამედ მათთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებისთვის სჭირდებათ.

„ერთადერთი განსხვავება, რაც არის ნაჩუქარ პროექტსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერს შორის, ეს არის თავშესაფარში ვოლიერების გაზრდილი რაოდენობა. ეს არის პირობითი ციფრი. ჩვენ მოვიძიეთ ფართი, სადაც 90–იან წლებში იყო ცხოველთა თავშესაფარი, აქ შენობებს თავიდან აშენება არ ჭირდებათ და საჭიროა რეაბილიტაცია და იმ სტანდარტებში მოყვანა, რასაც ნაჩუქარი პროექტიც ითვალიწინებს და მსოფლიო სტანდარტიც“, – ამბობს მელიქიძე.

ზაზა მელიქიძის თქმით, იმ ვოლიერებში, რომლებიც თავშესაფარს ემატება, ცხოველების სასტუმრო განთავსდება: „იმ მოქალაქეებმა მოგვმართეს, ვისაც ცხოველები ჰყავთ, მათ სურთ რომ შვებულების, ან სადმე წასვლის დროს ცხოველი დატოვონ და როდესაც დაბრუნდებიან უკან წაიყვანონ. ჩვენ გვეყოლება სპეციალისტები და ამ ცხოველებს მივხედავთ აქ. ასევე, შეიძლება ამ ვლიერებში მოვათავსოთ ის შინაური ცხოველები, რომლებსაც მოქალაქეები გამოკვევების ჩასატარებლად მოგვიყვანენ“.

როგორც ახალციხის მერი აცხადებს, რადგან თავშესაფრის საერთო ფართი და ვოლიერების რაოდენობა იზრდება, პროექტის ხარჯთაღრიცხვას დაზუსტება სჭირდება, ამიტომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენერში დეტალები გათვალისწინებულია: „ტერიტორია დიდია მოცულობით, ამიტომ განსხვავებული ღობე იქნება და ის ბუნებრივია არ შეესაბამება ნაჩუქარი პროექტის ხარჯთაღრიხვას. ასევე განსხვავებული იქნება წყლის მიწოდებაც, რადგან ამ ტერიტორიაზე საკმაოდ შორიდან არის წყალი მოსაყვანი. განსხვავებული იქნება ახალ პროექტში ელექტროენერგიის ნაწილიც, რადგან ეს საკითხი ნაჩუქარ პროექტში გათვლილი საერთოდ არ არის“.

ზაზა მელიქიძე ირმწუნება, რომ პროექტის ავტორთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებთან შეთანხმების გარეშე არაფერი გაკეთდება: “ლაშა გეგეჭკორის მიერ შემოთავაზებული არის ზოგადი პროექტი, რომლის სტანდარტებითაც უნდა აშენდეს თავშესაფარი და ასეც ვიქცევით, მაგრამ დეტალურ ხარჯთაღიცხვას შედგენა უნდა. როდესაც გამოვლინდება ტენდერში გამარჯვებული კომპანია და ჩამოვა ახალციხეში ყველა ერთად შევჯერდებით დეტალებზე, მოვიწვევთ ექვსივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, სამხარეო ადმინისტრაციას და პროექტის ავტორს. ამაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც ხდება არასწორი მითქმა –მოთქმა“.

ცხოველთა თავშესაფარის პროექტის ავტორის უკმაყოფილება, მის დაუკითხავად პროექტში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია.

ლაშა გეგეჭკორი გეგმავს მის პროექტშუ ცვლილებების შეტანის მიზეზებზე წერილობითი პასუხი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისგან მოითხოვოს, რადგან პროექტი მხარის ყოფილი გუბერნატორის კახა სამხარაძის თხოვნის შემდეგ გააკეთა.