სამცხე–ჯავახეთში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისათვის ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადდება. თავშესაფრის პროექტს კი მისი ავტორები რეგიონს უსასყიდლოდ გადასცემენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სამცხე–ჯავახეთის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარის პროექტის ავტორები სოფიო ბეროშვილი და ლაშა გეგეჭკორი არიან. მათ პროექტი რეგიონს საჩუქრად გადასცეს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადდება.
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, სოფელ ფარეხის ტერიტორიაზე გაკეთდება. ის 300 ცხოველზეა გათვლილი და მთელს რეგიონს მოემსახურება. პროექტი 2019 განხორციელდება. შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას და აღჭურვას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.
საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, თავშესაფარში აუცილებელია ხუთი ძირითადი პრინციპის დაცვა. ესაა: წყურვილისა და შიმშილისგან თავისუფლება, დისკომფორტისგან თავისუფლება, ტკივილის, ჭრილობის და ავადმყოფობისგან თავისუფლება, თავისი სახეობისთვის დამახასიათებელი ნორმალური ქცევის განხორციელების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, შიშისა და დასტრესისგან თავისუფლება.
თავშესაფარი ვალდებულია აწარმოოს ცხოველთა აღრიცხვა და უზრუნველყოს თავშესაფარში მათი ბრუნვის ამსახველი სტატისტიკა, ყველა ცხოველის სტერილიზაცია და ვაქცინაცია.
თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს და 2019 წელს ცხოველთა თავშესაფარი ყველა რეგიონში აშენდება.