ზუგდიდის მერიამ ავტომობილების რეცხვის მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა,რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 322 ლარი დაიხარჯება. გამარჯვებულ კომპანიას ერთი წლის განმავლობაში ჯამში 19 ავტომანქანის გარეცხვა მოუწევს. აქედან 16 ავტომანქანა მერიას ეკუთვნის, ორი საკრებულოს, ერთიც სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ამასთან, ცნობილია ისიც, რომ ზუგდიდის საკრებულომ დეკემბრის დასაწყისში მერიას ძვირადღირებული ავტომანქანების დაბალბიუჯეტიანით ჩანაცვლებისკენ მოუწოდა.
გამოცემა “ლაივპრესის“ შეკითხვაზე, თუკი მერია საკრებულოს რეკომენდაციას გაითვალისწინებს და განაახლებს ავტოპარკს, როგორ აისახება რეცხვის მომსახურების შესყიდვის ღირებულებაზე, მერიაში განმარტეს, – “თუ ჩანაცვლება მოხდება, მერიის შესაბამისი სამსახური იმოქმედებს კანონის შესაბამისად, საჭიროების მიხედვით“.
იგულისხმება თუ არა პასუხში ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, ან ახალი ხელშეკრულების დადება, დაზუსტებით მერიაში ამ შეკითხვაზე ვერ პასუხობენ.