ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ორი საჯარო სკოლა გარემონტდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“განათლების სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გრანტის სახით 646 500 ლარი გადაეცა, რომელიც სკოლებში სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება“, – ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დავით გახარიამ განაცხადა.
კერძოდ, 174 ათასი ლარი სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოებისთვის, ხოლო 472 500 ლარი მე-3 საჯარო სკოლისთვის გამოიყო.
ზუგდიდის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახა ფარცვანიას განცხადებით, ეს თანხა სკოლების სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპისთვის არის გათვალისწინებული.
“მერია უახლოეს დღეებში გამოაცხადებს ტენდერს და ამ ორ სკოლაში დავიწყებთ სარემოტო სამუშაოების პირველ ეტაპს, თუმცა დაფინანსება გაგრძელდება რემონტის დასასრულებლად“, – განაცხადა ფარცვანიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ქალაქის მე-10, მე-8 და მე-4 საჯარო სკოლებში, ასევე, ინგირის მე-2, ანაკლიის და დარჩელის პირველ სკოლებში “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი” სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს.