ქუთაისის მერიამ კომპანიას, რომელმაც თეთრ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარა, ხელშეკრულება შეუწყვიტა

1395

წინა სტატია

ქუთაისის მერიამ ,”თეთრი ხიდის” სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას “ალმა რუს საქართველოს” ხელშეკრულება შეუწყვიტა.

“კომპანიას ხელშეკრულება სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო შეუწყდა და შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ უფლება თვითნებურად ხიდზე თეთრი ქვები შეეტანათ. ამის შესახებ არც ადგილობრივი თვითმმართველობა იყო ინფორმირებული, კომპანიის მხრიდან აღნიშნული ქმედება თვითნებურად განხორციელდა. ფაქტთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს”, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

თავის მხრივ, კომპანია “ალმა რუს საქართველოს” წარმომადგენელმა ზურაბ ყურუამ გამოცემა “ქუთაისი პოსტს” განუცხადა, რომ ქუთაისის მერია ინფორმირებული იყო, იმის თაობაზე, რომ  5 დეკემბერს თეთრ ხიდზე ქვებს მიიტანდნენ.

“გვქონდა კომუნიკაცია, რომ ქვები უნდა მიგვეტანა გუშინ (5 დეკემბერს) მაგრამ ოთხი საათი დაგვაგვიანდა. იმის თქმა, რომ ეს არ იცოდნენ არასწორია. მაგრამ თუნდაც არ სცოდნოდათ ეს, კომპანიას რამდენი სარეკონსტრუქციო მასალა მიგვიტანია, მაგალითად, საღებავი მერიისგან უნდა აგვეღო ნებართვა? ასე იყო ქვაზეც. კომპნიას ხიდზე ქვების მიტანა პროექტით გვქონდა გათვალისწინებული და დავალებულიც. ახლა ვინც ამბობს, რომ ქვა ლამაზი არ არისო, მერიაში ან ზოგადად ვინ მყავს სპეციალისტი რომ ეს შეაფასოს? ქვების მიტანის შემდეგ უნდა მომხდარიყო მისი მონტაჟი, მაგრამ არ დაგვაცადეს”, – აცხადებს ზურაბ ყურუა.

კოპანია “ალმა რუსში” აცხადებენ, რომ ისინი მერიის წინააღმდეგ სასამართლოში დავას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ თეთრი ქვები “თეთრ ხიდზე” 5 დეკემბრის საღამოს, სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ “ალმა რუსმა” მიიტანა. მერიაში განმარტეს რომ ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ, რის გამოც, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ქვები აიღო.

თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, 3 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის და რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “ალმა რუსმა” შეასრულა.