ხუთი თვის წინ, როცა ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაცია დაანონსა, თან ხიდის ესკიზიც გაასაჯაროა. ხიდის განახლებული ვერსია საზოგადოების დიდმა ნაწილმა თავიდანვე დაიწუნა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
საზოგადოების ნაწილისთვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა ხიდზე იმიტირებული თეთრი ქვების განთავსების იდეა, რადგან თვლიდნენ, რომ ქვები მდინარეშიც საკმარისი იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაშინ თავი იმით იმართლა, რომ ხიდის პროექტი ქალაქს არქიტექტორმა გია ხუჯაძემ აჩუქა. საბოლოოდ კი მერიამ ხიდზე თეთრი ქვები არ განათავსა, თუმცა, ხიდის ვიზუალი მოულოდნელად შეიცვალა და ქუთაისელებმა თეთრის ნაცვლად ჟანგისფერი ხიდი მიიღეს.
ხიდის დასრულებული იერსახე ადგილობრივებისთვის კიდევ უფრო მიუღებელი აღმოჩნდა. ლითონის ფილები და მინის იატაკი, რომელიც ოვალურის ნაცვლად ოთხკუთხედი ფორმისაა, ერთდროულად სახიფათოდ და არაპრაქტიკულად შეფასდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზაფხულში ლითონი გაცხელდება, ზამთარში კი მასზე ფეხის მოცურების რისკი არსებობს.
პროექტის ავტორი გია ხუჯაძე “ქუთაისი პოსტთან” საუბარში ამბობს, რომ პროექტში ცვლილებები ზოგ შემთხვევაში საზოგადოების პროტესტის, ზოგ შემთხვევაში კი სამუშაოების დროში ჩატევის მიზნით შევიდა.
“ქვები იმიტომ ამოვიღეთ, რომ იდეა ვერ გაიგო ხალხმა და უარყოფითი პოზიციები წამოვიდა. რაც შეეხება მინებს, ოვალური უნდა ყოფილიყო, მაგრამ დროში რომ ჩატეულიყვნენ, ასეთი ფორმის გაკეთდა. რაც შეეხება მოცურებას, ყინვა რამდენი დღეა ჩვენთან? მოცურებით ყველაფერი შეიძლება მოცურდეს. მაგალითად, გრანიტის ქვაფენილები რომ გვაქვს, ისინი ძალიან სრიალებს, მაგრამ ფრთხილად დავდივართ ზამთარში. ზაფხულში კალაპოტში ხდება განიავება და ისე არ გაცხელდება, რომ მასზე ვერ გადაიაროს ადამიანმა”,– ამბობს პროექტის ავტორი, გია ხუჯაძე.
არქიტექტორი ირწმუნება, რომ ლითონის ფილები ლაქის გადასმის შემდეგ ფერს შეიცვლის და უფრო მუქი გახდება.
გარდა პროექტის შეცვლისა, დროში გაჭიანურდა სამუშაოები. ქუთაისელები ხიდის გასხნას, რომელიც საბოლოოდ მათ უმრავლესობას არ მოეწონა, ხუთი თვე ელოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის გახსნა 3 ნოემბერს 19 საათზე დააანონსა. თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი დაიხარჯა.
გამოყენებულია მამუკა კაკაურიძის ფოტო.