ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
როგორც გახსნის ცერემონიაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ თქვა, ინოვაციების ცენტრში ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და ბიზნესის შესახებ ტრენინგები. მისივე თქმით, რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი იდეები.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად გადამზადების ახალ პროგრამას, -,,გადამზადება IT მიმართულებით’’ იწყებს. პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები იმ ცოდნას დაეუფლებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში გაერკვნენ, თავად ააწყონ სტატიკური ვებგვერდი ან საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში, დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.