დუშეთში ისტორიული ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

1213

წინა სტატია

დუშეთში ისტორიული ქუჩების რეაბილიტაციას, მუნიციპალური განვითარების ფონდი, დაახლოებით, ორ კვირაში, ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყებს. პროექტის ღირებულება 4.6 მილიონამდე ლარს შეადგენს.

პროექტი დუშეთის ცენტრალური ნაწილის: რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩების და ცენტრალური პარკის მიმდებარე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია მე-19, მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობების გამორჩეული ნიმუშები.

ამასთან, პროექტით გათვალისინებულია, შედარებით მოშორებით მდებარე ორი განსაკუთრებული ისტოირული ღირებულების მქონე სახლის – ილია ჭავჭავაძისა და ე. წ. “აპრელოვის“ სახლების რეაბილიტაციაც.

საერთო ჯამში, დაგეგმილია 40 სახლის, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 24 სახლის რეაბილიტაცია/რესტავრაცია. პროექტის მიზანია ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობების პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა.

ასევე, რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩებზე გზის საფარი, ტროტუარები და გარეგანათებაც მოეწყობა.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, დუშეთის ცენტრალურ პარკში შადრევანის, სანიაღვრეების, კანალიზაციის სისტემის, საყრდენი კედლის, ბილიკებისა და პატარ-პატარა სკვერების მოწყობა უკვე დასრულდა. ასევე, აღნიშული სამუშაოები, პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის გარე მოპირკეთებასაც ითვალისწინებდა.

“დუშეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეაბილიტირებული უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ, გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობებს”, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.