ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი: შესაძლოა, ქალაქების მერები შეიცვალონ

934

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მმართველი პარტია საკადრო პოლიტიკას შეცვლის. მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებია, რის გამოც ქართული ოცნება არსებული კადრების გადახედვას გეგმავს. ამის შესახებ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა თქვა. ის კახეთის რეგიონში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს, მათ შორის, დეპუტატი ამბობს, რომ, შესაძლოა, ქალაქების მერები შეიცვალონ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა გვაჩვენა , რომ აუცილებელია საკადრო ცვლილებები, რომელიც მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის საშუალებით ურთიერთობას გააღრმავებს. არ არის გამორიცხული საკადრო პოლიტიკა უახლოეს პერიოდში კახეთში, მათ შორის, ახმეტაშიც განხორციელდეს. ეს ბუნებრივიცაა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის”, – ამბობს დეპუტატი.

საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავენ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე თანამდებობა სამმა მერმა უკვე დატოვა – 12 სექტემბერს – ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, რომელიც გასულ კვირას, გადადგომიდან თვენახევარში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების გამო დააკავეს, 27 სექტემბერს – ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, რომელიც გადადგომის მიზეზად მაჟორიტარ დეპუტატთან და პოლიციის უფროსთან კონფლიქტს ასახელებს, 18 ოქტომბერს კი – ხულოს მერმა გოჩა მელაძემ, რომელსაც გადადგომის მიზეზები ამ დრომდე არ განუმარტავს.