ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია დასრულებულია. სამთვიანი “შესწავლის” და “მსჯელობის” შედეგად, სამსახურებიდან 8 ადამიანი გაათავისუფლეს. დოკუმენტურად გაუქმდა ორი სამსახური და ორი განყოფილება, თუმცა, აქედან, მერიამ ერთი გაუქმებული სამსახური განყოფილებად გადააკეთა, მეორეს ნაცვლად ა(ა)იპ ორგანიზაცია შექმნა, ორი გაუქმებული განყოფილებიდან კი ერთი განყოფილება ჩამოაყალიბა. გამოდის, რომ რეალურად მერიაში მხოლოდ ერთი განყოფილება გაუქმდა. სამაგიეროდ, შეიქმნა ახალი ა(ა)იპ ორგანიზაცია, სადაც, სავარაუდოდ, იმაზე მეტი ადამიანი დასაქმდება, ვიდრე ჯამში, რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
“რეორგანიზაციის შედეგად და ასევე მობილობის შეუძლებლობის გამო, სამსახურიდან გათავისუფლდა 8 (რვა) თანამშრომელი და კომპენსაციის სახით მიეცა 3 (თვის) თანამდებობრივი სარგო და ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში”, – წერია მერიის მიერ “ქუთაისიპოსტისთვის” გაგზავნილ წერილში.
მერიის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა ზედამხედველობის სამსახური და მის ნაცვლად შეიქმნა ააიპ “ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია”, რომელსაც იგივე ფუნქცია ექნება, რაც ზედამხედველობის სამსახურს. ამასთანავე, ორგანიზაციას დაევალება მუნიციპალური ქონების დაცვა, სალიცენზიო ან სანებართვო პირობებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის დარღვევაზე პასუხისმგებლობა.
გაუქმდა კიდევ ერთი, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური და განყოფილების სახით შეუერთდა ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს. ასევე, გაუქმებულია სამხედრო სამსახურში ორი განყოფილება და ჩამოყალიბდა ერთი.
“დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე”, – წერს მერია წერილში.
ქუთაისის მერიაში განხორციელებულ რეორგანიზაციაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დასაქმების რისკებს ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ოპოზიციური პარტიებში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი ლელა მოწონელიძე ამბობს, რომ რეორგანიზაციის პროცესში საზოგადოების მეტი ჩართულობა უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.
“ჩვენ რამდენიმე იურიდიული პირის გაუქმების ინიციატივით გამოვედით წინა წლებში. ამ პროცესში ჩართულობა მოგვცემდა ამ საკითხების კვლავ დაყენების შესაძლებლობას. რაც შეეხება ახალი ა(ა)იპის შექმნას, მერიც ერთპიროვნულად ნიშნავს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელიც ერთპიროვნულად იღებს ყველა საკადრო გადაწყვეტილებას. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დასაქმებისთვის მიღებული გადაწყვეტილება. ვინაიდან ა(ა)იპ-ი ახალი შექმნილია ამას შეფასების საშუალება ჯერ არ გვაქვს, თანმდევ პროცესებს დავაკვირდებით”, – ამბობს ლელა მოწონელიძე.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია ამბობს, რომ ადგილობრივი მთავრობა ახალი აიპის შექმნით ცდილობს მისთვის არასასურველი კადრები გაუშვას და ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი მხარდამჭერები დაასაქმოს.
“ეს რეორგანიზაცია არ ემსახურება იმას, რომ ქუთაისის მერიის მუშაობა გაუმჯობესდეს. ერთადერთი მოტივაცია არის კონკრეტულად “ქართული ოცნების” ძველი გუნდის წევრები და მათი ახლობლები გაუშვან სამსახურებიდან და ახალი მერის და ახალი გუნდის მხარდამჭერები მოიყვანონ”, – ამბობს გიგა შუშანია.
ქალაქის მერის იოსებ ხახალეიშვილის შეფასებით, რეორგანიზაციას გულისწყვეტები შესაძლოა ახლდეს.
“რეორგანიზაცია არ არის მარტივი თემა და გარკვეული კითხვის ნიშნები, უსიამოვნებები, გულისწყვეტებიც შეიძლება ამ პროცესს ახლდეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ზედმიწევნით შევეცადეთ და გავაკეტეთ კიდეც ყველა იმ კანონის დაცვა, რომელიც რეორგანიზაციით იყო გათვალისწინებული.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოპოზიციას არ სურს არც კანონის წაკითხვა და არც იმის გაგება, რაც თეთრზე შავით არის დაწერილი, ეს მათი პრობლემაა. პროცესმა ჩაიარა კანონმდებლობასთან სრული თანხმობით, რეორგანიზაცია იყო საჭირო, იმიტომ, რომ უფრო ეფექტურად იმუშაოს მერიამ და მოხდეს ოპტიმიზაცია, როგორც პოზიციები, ასევე, გარკვეული დაზოგვა თანხების, რომელიც ხელფასის სახით არის წარმოდგენილი ბიუჯეტში. ვფიქრობ, რეორგანიზაციის პროცესი დადებითად აისახება ჩვენი მერიის მუშაობაზე”, – გამარტავს ქალაქის მერი.
ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაცია თებერვალში დაიწყო და მაისში დასრულდა. ქუთაისის მერიაში 275 ადამიანი მუშაობს: 163 საჯარო მოხელე, 22 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე და 90 ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურე.