მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაია ნავერიანი დაინიშნა. რადიო მარნეულს ეს ინფორმაცია ადგილობრივ თვითმმართველობაში დაუდასტურეს. აღნიშნული სამსახურის უფროსად ვუგარ მამედოვი წლები მუშაობდა, თუმცა, ის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის დროს შეცვალეს. მამედოვი ახლა მარნეულის მერის, კენან ომაროვის თანაშემწეა. რაც შეეხება მაია ნავერიანს, ის მუნიციპალიტეტის ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშების განყოფილებაში მუშაობდა.
კენან ომაროვს რეორგანიზაციის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
თუმცა, რადიო “მარნეულმა” მოიპოვა მერიის სამსახურების უფროსების ჩამონათვალი, რომლებმაც სამუშაო პოზიცია შეიცვალეს. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია რადიო “მარნეულმა” სხვადასხვა წყაროების მეშვეობით მოიპოვა ან თავად სამსახურის უფროსებმა დაუდასტურეს.
ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა გიორგი მეურმიშვილმა დაადასტურა, რომ სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსის ვაჟა შუბითიძის ადგილი დაიკავა. ვაჟა შუბითიძემ კი (დაუზუსტებელი ინფორმაციით) მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველის ადგილი დაიკავა.
ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ახალ უფროსად ნინო დეკანოიძე დაინიშნა, რომელიც მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კი, მამუკა შუბითიძე გახდა.
წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თანამდებობა დატოვა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მუმლაძემაც, რომელიც მარნეულის მერის თანაშემწე გახდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება და სამსახურის ახალი უფროსი კონკურის საფუძველზე შეირჩევა.