თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. კანდიდატები, რომლებიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებენ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
მისი თქმით, „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას დაიკავებს. ხოლო ფონდის დირექტორის პოზიციაზე გიორგი პაპავას კანდიდატურაა წარდგენილი.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაუხადო ლევან ჯღარკავას, რომელიც წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციას თბილისის მთავრობაში და მისი ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. ლევანი იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, შემდეგ გადაინაცვლა მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე და ბოლოს იკავებდა „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის თანამდებობას. ლევანი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს საჯარო მოხელე, რომელიც პროფესიონალურად, კეთილსინდისიერად ემსახურება ქვეყანას და საკუთარ საქმეს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას უკვე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და დარწმუნებული ვარ, იქაც წარმატებული იქნება და ემსახურება ქვეყანას.
„თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის პოზიციაზე გიორგი პაპავას კანდიდატურას წარვადგენთ, რომელიც დღემდე შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. გიორგი არის პროფესიით იურისტი, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში წამყვან პოზიციებზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება. 2017 წლიდან არის თბილისის მთავრობის წევრი და კეთილსინდისიერად ემსახურება დედაქალაქს. ის არის საქმის პროფესიონალი“, – აღნიშნა მერმა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ქეთევან შუბითიძის კანდიდატურა.
მისივე განმარტებით, შუბითიძეს საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების სპეციალობით, 2011 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში შესყიდვების მიმართულებით და გააჩნია საკმაოდ კარგი გამოცდილება.
თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას კი ლაშა მაჭავარიანი დაიკავებს, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
მერის თქმით, მაჭავარიანის ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.
„ლაშას განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და უცხოეთში ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის მსოფლიო ბანკში, ასევე სახელმწიფო უწყებებში წამყვან პოზიციებზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს, ხელმძღვანელის პოზიციაზე მერმა გიორგი მარგებაძის კანდიდატურა წარადგინა.
მისი თქმით, მარგებაძე დღემდე სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობს და კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სააგენტოს გამართული მუშაობა მუნიციპალიტეტისთვის, თითოეული თბილისელისთვის.
„მას განათლება მიღებული აქვს ინფორმატიკის სისტემების მიმართულებით, ასევე, არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების მაგისტრი. წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში, აქვს საკმაოდ მდიდარი სამუშაო გამოცდილება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მერმა წარდგენილ კანდიდატებს ახალ პოზიციებზე წარმატება უსურვა, რადგან, მისი თქმით, მათი წარმატებული საქმიანობა დედაქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება.