დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალდებული ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. როგორც მისმა ადვოკატმა მერაბ მამულაძემ განაცხადა, ისინი არ ეთანხმებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაზე, რის გამოც მას გაასაჩივრებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“სასამართლოს განჩინება უკვე მივიღე. დღეს შევხვდები, მოვინახულებ და საბოლოოდ დავაზუსტებ დეტალებს, შემდეგ კი გავასაჩივრებ“, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება იგივე ბრალდებით დაკავებულ ყოფილ ვიცე მერს, გია გულორდავას, მისი ადვოკატი ამბობს, რომ გასაჩივრებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს გაესაუბრება. ადვოკატი ზაქარია გვიშიანი გია გულორდავას მონახულებას დღეს გეგმავს.
ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე მერი ამ დროისთვის გლდანის სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში იმყოფებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 3 ნოემბერს შეუფარდა.
ბრალდების მხარე ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
ამასთან, საქმის პროკურორის ბექა ეჟიშვილის თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც ლაშა გოგიასა და გია გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
“თუ მძევალი სჭირდება პროკურატურას, მე დავრჩები პატიმრობაში და გთხოვთ, ლაშა გოგია გაათავისუფლოთ. მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია არანაირ მოლაპარაკებაში”, – მიმართა გია გულორდავამ მოსამართლეს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუსმა 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა, 21 500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შეთანხმების მიხედვით, 11 500 განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 500 ლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია საგამოძიებო ორგანომ მაშინ დააკავა, როცა მტკიცებულებები შეკრიბა.
ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს დატოვეს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი მერი ლაშა გოგია საპრეზიდენტო არჩევნების დროს “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შტაბის უფროსი იყო.