ზუგდიდში ნონა გაფრინდაშვილის ძეგლის დადგმას ითხოვენ

835

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შევიდა მოქალაქეთა განცხადება, ქალაქში ნონა გაფრინდაშვილის ძეგლის დადგმის მოთხოვნით. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ინიციატივა ფეხბურთის ფედერაციის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, როლანდ მაქაცარიას ეკუთვნის. განცხადებას ხელს 30 ადამიანი აწერს, თუმცა როგორც როლანდ მაქაცარია განმარტავს, საჭიროების შემთხვევაში ასობით ხელმოწერას შეაგროვებს.

“ნონა გაფრინდაშვილი არის ჩვენი ავტორიტეტი. ის არის ჩვენი დედოფალი. მისი ძეგლი გვინდა იყოს ანდრია დადიანის ძეგლის გვერდით, ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის წინ“, – თქვა როლანდ მაქაცარიამ.

მოქალაქეთა წერილი უკვე განიხილეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომაზე. კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას თქმით, საკრებულოს სხდომაზე საკითხის წარდგენამდე კონსულტაციებს გაივლიან თავად ნონა გაფრინდაშვილთან, განცხადების ავტორებთან და დაინტერესებულ მოქალაქეებთან. კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, საკითხის ასეთი დეტალური განხილვის გადაწყვეტილება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ქვეყანაში არ არსებობს ცოცხალი ადამიანისთვის ძეგლის დადგმის პრეცედენტი.

“ნონა გაფრინდაშვილი არის უდიდესი სპორტსმენი და ჭადრაკის სფეროში ცოცხალი ლეგენდა არა მარტო საქართველოში. მას რა თქმა უნდა ძეგლიც უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, რადგან საუბარია ისეთ პრეცედენტზე რასაც აქამდე ადგილი არ ჰქონია, პირველ რიგში უნდა ვკითხოთ თავად ნონა გაფრინდაშვილს და რა თქმა უნდა საზოგადოებას“, – განმარტა ირაკლი ლაგვილავამ.

ნონა გაფრინდაშვილს საპატიო ზუგდიდელის წოდება 2017 წელს მიენიჭა. ცნობილი მოჭადრაკე 1941 წელს ზუგდიდში დაიბადა. ბავშვობაში იყო ზუგდიდის მოჭადრაკეთა ნაკრების წევრი.