“გაუმართლებელი ხარჯი”, “ერთპიროვნული გადაწყვეტილება” და “ხიდის გაუპატიურება”- ასეთი შეფასებები გააკეთეს არასამთავროვბო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” წარმომადგენლებმა ბრიფინგზე, რომელიც პროექტთან დაკავშირებით გამართეს. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
მათ ასევე გააპროტესტეს განხილვისა და კონკურსის გარეშე “თეთრი ხიდის” რეაბილიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
ორგანიზაციის წევრებს მიუღებლად და უგემოვნოდ მიაჩნიათ პროექტი, რომელიც მერიამ წარმოადგინა. ამასთან, მიიჩნევენ, რომ ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვა იმ სამუშაოსათვის, რომლის არა თუ საჭიროება არსებობს, არამედ პირიქით, ავთენტურობას დაუკარგავს ხიდს, რომელიც ქალაქის სიმბოლოდ იქცა.
“არ შეიძლება ხიდის ასეთი გაუპატიურება, როდესაც ხიდი იცვლის სახეს და შემოდის სრულიად გაუგებარი ელემენტი – მინის იმიტირებული თეთრი ქვების სახით, რასაც მე ვუწოდებ სრულიად გაუგებარ, იაფფასიან კიჩს, რომელიც დააუშნოებს ამ ხიდს. ჩვენ ამის გამო ყველას გული გვტკივა,”-განაცხადა მხატვარმა ირაკლი ჩოგოვაძემ.
“ხიდის რეაბილიტაცია ბოლოს 2011 წელს მოხდა, მერიამ ხელშეკრულება კომპანიასთან – შპს “აზუ” გააფორმა 15 წლანი გარანტიით, და თუ რაიმე შესაკეთებელია ხიდზე, ამ კომპანიას უნდა მიმართოს. შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე ათეული ხის ფიცარის შეცვლა, რაც ნახევარ მილიონ ლარს ნამდვილად არ საჭიროებს. ხის საფარი, რომლითაც არის ხის სავალი ნაწილი მოპირკეთებული, არის სრულიად მისაღები, ეს არის აკაცია, რომელიც უძლებს ტენიანობას”, – აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ფსიქიატრი ვახტანგ სიხარულიძე.
მისი თქმით, უვიცობის გამოხატულებაა “თეთრი ხიდის” თეთრ ქვებთან დაკავშირება და ამის გამო ხიდზე თეთრი ქვების იმიტაცის გაკეთება, რადგან ხიდის სახელი თეთრ ქვებს არ უკავშირდება. ეს სახელი ლითონის კონსტრუქციის შეფერილობასთანაა დაკავშირებული, რომელიც ხიდისათვის საფრანგეთიდან ჩამოიტანეს.
თეთრი ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.