ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის გახსნა 3 ნოემბერს 19 საათზე დააანონსა. მერიის ცნობით, ხიდის გახსნის ღონისძიებაში გოგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასი მიიღებს მონაწილეობას, ღონისძიებას კი ქუთაისის საოპერო გუნდი დაასრულებს.
“ამ დროისთვის თეთრ ხიდზე ტექნიკური სამუშაოები დარჩა ჩასატარებელი. მათ შორის სანათების მონტაჟი და იატაკის ზედაპირის გალაქვა”, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ თეთრი ხიდის რეაბილიტაციაზე პირველი ტენდერი ჩავარდა, მეორე კი 3 აპრილს გამოცხადდა. “თეთრი ხიდის” რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი კომპანია “ალმა-რუს საქართველოს ფილიალმა” მოიგო.
ხიდის რეაბილიტაცია მიმიდნარე წლის ივნისში დაიწყო და თეთრ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 22 აგვისტომდე ჰქონდა, თუმცა, მერიამ სამუშაოები ჯერ 5 სექტმბრამდე, შემდეგ კი სექტემბრის ბოლომდე გადაუვადა.