საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, ბენდელიანის ქუჩაზე აუზის მშენებლობისთვის პროექტის შედეგენასა და სამუშაოებზე ზედამხედველობის გაწევისთვის ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული მომსახურებისთვის ფონდი 295 000 ლარს დახარჯავს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შენობაში დახურული საცურაო აუზი, ტრიბუნები და საჭყუმპალაო უნდა განთავსდეს.
“საცურაო აუზი დაპროექტდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რეკომენდირებული სიგრძე უნდა იყოს 50 მეტრი, სიგანე 25 მეტრი (გარე ზომა 56/30), სიღრმე საშუალოდ 2 მეტრი. საჭყუმპალაოც უნდა დაპროექტდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რეკომენდირებული ზომებია 10 მეტრი 16 მეტრზე (გარე ზომა 14/20), (სიმაღლე საშუალოდ 0.6-0.8მ), ტრიბუნები 500 სკამით“, – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ძველ პარკში (ყოფილი კომკავშირის პარკი) ევროსტანდარტების სპორტკომპლექსის და საცურაო აუზის აშენების შესახებ პირველი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 27 ივნისს ზუგდიდში გააკეთა. მისივე თქმით, ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც მთავრობა მსგავს პროექტს განახორციელებს.