ზუგდიდში მხედველობა და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ცენტრი გაიხსნება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ცენტრი უკვე არსებული “ყრუ-მუნჯთა საზოგადოების“ ბაზაზე იფუნქციონირებს, სადაც შესაბამისი პრობლემის მქონე პირებს სოციუმში სწორად ინტეგრირებაში დაეხმარებიან. ამ სიახლეზე საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა ირუზა კაკავამ ისაუბრა. მისი თქმით, ის ჩართულია პროექტში “მხედველობის და სმენის პრობლემების მქონე ადამიანების მხარდაჭერის სისტემის შექმნა საქართველოში“, რომელიც პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.
მისი ინფორმაციით, ცენტრი წლის ბოლოსთვის უნდა ამოქმედდეს. ზუგდიდის გარდა მსგავსი სივრცე თბილისში, კახეთსა და ბათუმში მოეწყობა. დეპუტატი პოლონეთში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სექტემბერში იმყოფებოდა. მან მოუწოდა საკრებულოს დანარჩენ წევრებს, რადგან არ არსებობს ერთიანი სტატისტიკა ამ პრობლემის მქონე ადამიანების, საკუთარ ადმინისტრაციულ ერთეულებში მოიძიონ ინფორმაცია.
“აქ არის სამი კატეგორია – ყრუ და მხედველობადაქვეითებულები, სმენადაქვეითებული და უსინათლო და ყრუ და უსინათლო. რადგან ეს ცენტრი ჩვენთანაც იქნება, ბიუჯეტირებისას საკითხი უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათაც მიიღონ გარკვეული დახმარება“, – განმარტა ირუზა კაკავამ.
ამბობს, რომ თავად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარების თარჯიმან მეგზური იქნება. დეპუტატის თქმით, ჰქონდა სოციალური საწარმო და მუშაობდა შშმ პირებთან, ამიტომ შესაბამისი გამოცდილება აქვს და სურვილი, როგორც დეპუტატმა, საკუთარი წვლილი შეიტანოს მოცემულ საქმეში.
ცენტრის გახსნის ინიციატივა მოიწონა საკრებულოს თავმჯდომარემ. მანაც მიმართა დეპუტატებს, დრო არ დაკარგონ და მოიძიონ მსგავსი საჭიროების მქონე ადამიანებზე ინფორმაცია.
“ნებისმიერი ვიზიტი და მივლინება, რომელიც იქნება ასეთ შედეგზე ორიენტურებული, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი იქნება“, – აღნიშნა მამუკა წოწერიამ.