ზუგდიდის მერია სამუშაო ოთახების რემონტისთვის 23 ათას ლარს დახარჯავს

697

ზუგდიდის მერია სამუშაო ოთახებში სარემონტო სამუშაოებს გეგმავს, რისთვისაც  23 176 ლარია გამოყოფილი. საუბარია ოთახებში ლამინატის დაგებაზე, კედლებზე შპალიერის გაკვრაზე, ჭერის შეკიდვაზე, ერთ ოთახში ამორტიზებული კარის დემონტაჟზე, მის ახლით ჩანაცვლებასა და სხვა სახის სამუშაოებზე. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ამ ყველაფრისთვის მერიამ ორი დამოუკიდებელი ტენდერი გამოაცხადა. ერთ შემთხვევაში საქმე ექვსი ოთახის რემონტს ეხება, რისთვისაც 19 ათას 766 ლარია განსაზღვრული, მეორე შემთხვევაში კი მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარე ადმინისტრაციული სამსახურის საქმის წარმოების განყოფილების ოთახში, მოქალაქეებისადმი მომსახურების გაწევის გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი მაგიდა ბარიერების მოწყობა და საკრებულოს ფრაქციის ოფისში შესავლელი კარის მოწყობა იგეგმება. ამისთვის 3 410 ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.

ამას გარდა, იგეგმება მერიის ადმინისტრაციულ შენობებში სამუშაო ოთახებისთვის და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის ავეჯის შესყიდვა. კერძოდ, საუბარია 16 სამუშაო მაგიდის და ორი საოფისე ტყავის სავარძლის შესყიდვაზე, რისთვისაც 4 660 ლარია გამოყოფილი.