სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ზუგდიდის მერიას მაღალი გამავლობის ავტომანქანის გადმოცემის თხოვნით მიმართა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ სატრანსპორტო საშუალებით ერთ-ერთმა მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა უნდა ისარგებლოს, რადგან ის რეგიონის მთიან მხარეს, ზემო სვანეთს კურირებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“გამომდინარე აქედან, საჭიროა მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რისი რესურსიც გუბერნატორის ადმინისტრაციას არ გააჩნია. მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გადმოცემის სამართლებრივი პროცედურები, რომლითაც ისარგებლებს გუბერნატორის მოადგილე“, – აღნიშნავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ. მათივე თქმით, საუბარი შეეხება უკვე არსებული ავტოპარკიდან მანქანის გადაცემას.
“გასავლელია სამართლებრივი პროცედურები, რის შემდეგაც მოხდება გადაცემა. თუმცა რომელი მანქანა უნდა გადაეცეს, ამ საკითხზე ვმუშაობთ“, – განმარტეს მერიაში.