ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნუკრი ესართიამ თანამდებობა დატოვა. ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ გადაწყვეტილება კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად მიიღო. სხვა დეტალებს ამ ეტაპზე მერიაში არ აკონკრეტებენ. მათ შორის უცნობია ისიც, უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი ნუკრი ესართიას სუს-ში დაბარებას. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ნუკრი ესართია რამდენიმე დღის წინ სუს-ში დაიბარეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ დაბარება ანტიკორუფციულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ასევე, ლაშა გოგიასთან ერთად, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას მამაა.
სუსში აცხადებენ, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ლაშა გოგია ზუგდიდის პირდაპირი წესით არჩეული მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. მან არჩევნებზე ხმების 54.34% დააგროვა.
მანამდე, 2014-2016 წლებში, გოგია ზუგდიდის სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, 2016 წლიდან ადგილობრივ არჩევნებამდე კი მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. სწორედ მისი გამგებლობის პერიოდში, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მიიღო საკრებულომ სათემო მუნიციპალიტეტის გაუქმებისა და თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდთან შეერთების გადაწყვეტილება.
გოგია ასევე იყო “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
როგორ ცნობილია, ლაშა გოგია 11 სექტემბერს სუს-ში „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე გამოკითხვაზე იყო დაბარებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
ლაშა გოგია გადადგომის მიუხედავად “ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ რჩება.
გოგიამ გადადგომიდან ექვსი დღის შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ის “პროვოკაციის მსხვერპლია და თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს”.