ზუგდიდის ყოფილმა ვიცე-მერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქრთამის აღების ფაქტს უარყოფს. მისი თქმით, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას იცნობს, მაგრამ მისგან თანხა არ მიუღია.
“მას უნდოდა პირდაპირი იჯარის წესით მიგვეცა მიწა. ჩვენ შევთავაზეთ, რომ გამოცხადდებოდა აუქციონი, მიიღებდა აუქციონში მონაწილეობას და თუ გაიმარჯვებდა, იქნებოდა მისი. უარი ვუთხარი და რაში უნდა მოეცა ფული“, – განაცხადა გია გულორდავამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომ გავრცელებული ცნობით, ბიზნესმენი კვირკვია იმის აუდიო და ვიდეომასალა ფლობს, თუ როგორ გადასცა გია გულორდავას 10 ათასი აშშ დოლარი, ყოფილმა ვიცე-მერმა თქვა, რომ ასეთი რამ არ ყოფილა.
“თქვენ თუ ნახავთ ასეთ ვიდეოს, მოდით და მე ბოდიშს მოგიხდით. წავალ აგერ ორთაჭალაში იყო მგონი ხო ციხე?“, – განაცხადა გულორდავამ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ასევე, ლაშა გოგიასთან ერთად, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას მამაა.
სუსში აცხადებენ, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ლაშა გოგია ზუგდიდის პირდაპირი წესით არჩეული მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. მან არჩევნებზე ხმების 54.34% დააგროვა.
მანამდე, 2014-2016 წლებში, გოგია ზუგდიდის სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, 2016 წლიდან ადგილობრივ არჩევნებამდე კი მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. სწორედ მისი გამგებლობის პერიოდში, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მიიღო საკრებულომ სათემო მუნიციპალიტეტის გაუქმებისა და თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდთან შეერთების გადაწყვეტილება.
გოგია ასევე იყო “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
როგორ ცნობილია, ლაშა გოგია 11 სექტემბერს სუს-ში „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე გამოკითხვაზე იყო დაბარებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.