ქართული ოცნება: ზუგდიდის მერის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა

671

“ბოლო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ, მათ შორის, არჩეულ პირთა მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით,  რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება.

სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით  დატოვეს დაკავებული თანამდებობები  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ გია გულორდავამ.

გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილებები.

„ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ საქმით დაამტკიცა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია“, – წერია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ასევე, ლაშა გოგიასთან ერთად, თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამ, რომელიც საქართველოს პარლამენტის წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას მამაა.

სუსში აცხადებენ, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

ლაშა გოგია ზუგდიდის პირდაპირი წესით არჩეული მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. მან არჩევნებზე ხმების 54.34% დააგროვა.

მანამდე, 2014-2016  წლებში, გოგია ზუგდიდის სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, 2016 წლიდან ადგილობრივ არჩევნებამდე კი მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. სწორედ მისი გამგებლობის პერიოდში, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, მიიღო საკრებულომ სათემო მუნიციპალიტეტის გაუქმებისა და თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდთან შეერთების გადაწყვეტილება.

გოგია ასევე იყო “ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

როგორ ცნობილია, ლაშა გოგია 11 სექტემბერს სუს-ში „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე გამოკითხვაზე იყო დაბარებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.