რუსთავის რაიონულ სასამართლო მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას გადახედავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
პროცესი სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული. პროკურატურა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას მოითხოვს. სახელმწიფო ბრალდება წინასაგამოძიებო ვადის გაგრძელებას შუამდგომლობს. პროკურატურა ვადის 20 სექტემბრამდე გაგრძელებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ვადა დაახლოებით ერთი თვით, 6 სექტემბრამდე გააგრძელა.
რაც შეეხება მარნეულის ყოფილი მერის დამცველებს, როგორც თემურ აბაზოვის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, ისინი ბრალდებულის მიმართ გამოყენებული მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, ნაკლებად მკაცრით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ, ალტერნატივის დახით კი სასამართლოს 40 ათას ლარიან გირაოს შესთავაზებენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ არ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. ამ მოტივით ადვოკატები იმედოვნებენ, რომ მარნეულის ყოფილი მერის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვლება და ის პატიმრობიდან გათავისუფლდება.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის გამო, რომელიც მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა.