ქუთაისის მერმა ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ისაუბრა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, უახლოეს მომავალში რუსთაველის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
რუსთაველის ხიდი სრულად გაიწმინდება და მასზე 4 ცალი 6 მეტრიანი განათების სვეტი დამონტაჟდება, რომლებიც ქვისა და ლითონის ელემენტებით იქნება გაწყობილი.
შეგახსენებთ, რომ რუთაველის ხიდს ქუთაისის მერიამ რეაბილიტაცია 4 წლის წინაც ჩაუტარა.
ასევე, ჭიღვარიას თქმით, თეთრი ხიდის რეაბილიტაცია ტურისტულ სეზონს იმის გამო დაემთხვა, რომ პროექტირებას და ტენდერის გამოცხადებას დრო სჭირდებოდა.
ამასთან, გიორგი ჭიღვარიამ დაანონსა ცენტრალური ბაღისა და რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტები. მისი თქმით, აღნიშნული პროექტებისთვის ჯამში 20-30 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
თუმცა ქალაქის მერს არ უხსენებია ბალახვანის კიბეების რეაბილიტაცია, რომლის პროექტი მერიას ამ დრომდე არ აქვს.
გიორგი ჭიღვარიას თქმით, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, მომავალ კვირაში მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა იგეგმება.