ქუთაისის მერიამ ბალახვანის ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია წლის დასაწყისში დაანონსა, თუმცა, პროექტი ამ დრომდე არ შეუმუშავებია. მერიამ მაშინ ესკიზიც გაასაჯაროა და აცხადებდნენ, რომ პროექტი მალე ტენდერზეც გავიდოდა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით სიახლე არ არის და როგორც კი მუშაობა დაიწყება, ეს საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი, რადგან პროექტი მათი ჩართულობით შემუშავდება.
ესკიზთან ერთად, მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პირველ რიგში კიბეების აღდგენა უნდა მომხდარიყო, მიმდებარე ტერიტორიაზე კი 80 ადამიანზე გათვლილი ამფითეატრის და შადრევანის გაკეთება იგეგემებოდა. ასევე, დაგეგმილი იყო თეთრი კოლონადების მოწყობა.
მერია მაშინ რეაბილიტაციის დასრულების ვადებსაც ასახელებდა და ეს ტენდერის გამოცხადებდან მომავალი წელიწადნახევარი უნდა ყოფილიყო, თუმცა, მასშტაბური პროექტის დაანონსებიდან 6 თვის შემდეგაც ბალახვნის კიბეების რეაბილიტაციის მხოლოდ ესკიზი არსებობს.