ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი განსახილველად მგფ -ს გადაეგზავნა

1256

წინა სტატია

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტისათვის საკონკურსო პირობების შემუშავება დასრულდა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის ზაზა ჩხიკვაძის განცხადებით, პროექტში უკვე დამუშავებულია განაშენიანების პირობები და დოკუმენტი განსახილველად მუნიციპალური განვითარების ფონდშია (მგფ) წარდგენილი.

“ეს პირობები შეთანხმდება ფონდთან და შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება გამოცხადდეს კონკურსი პროექტის განხორციელებაზე,” – ამბობს ჩხიკვაძე.

მისივე თქმით, რიონისპირა სახლების ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც დეტალური პროექტი დადგინდება.

“ეს სახლები არის სხვადასხვა მოქალაქეების საკუთრება. ამიტომ შეიძენენ თუ არა ეს ობიექტები რაიმე ბიზნეს დატვირთვას, ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ,” – ამბობს ჩხიკვაძე.

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს ყველაზე დიდ და პრიორიტეტულ პროექტად დაასახელა.

შპს “ისტორიული ქუთაისის” წარმომადგენლის, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის ერთ-ერთი ავტორის ლევან რეხვიაშვილის თქმით, პროექტი ითვალისწინებს სახლების რეკონსტრუქციას რიონის ორივე სანაპიროზე: ჯაჭვის, რუსთაველისა და წითელი ხიდების მიმდებარედ.

“ეს იქნება ძველის და ახლის შერწყმა. არ იქნება ამოვარდნილი კონტექსტიდან, თუმცა, არსებულ ესკიზს აუცილებლად სჭირდება დახვეწა, შესაცვლელია ბევრი რამე, რადგან ეს პროექტი 35 წლის წინ არის შემუშავებული”, – ამბობს ლევან რეხვიაშვილი.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში სულ 70-მდე სახლი უნდა აღდგეს.

სამუშაოებს 2-დან 3 წლამდე ვადა დასჭირდება.

ქუთაისის მერიამ რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია 3 აპრილს დააანონსა.

პროექტის მიხედვით, ისტორიული სახლების რეკონსტრუქციას, სავარაუდოდ, 15 მილიონი ლარი დასჭირდება, თუმცა, პროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ  მისი ღირებულება გაიზარდოს.