პროგრამებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს მიუსაფარ ცხოველთა თანამედროვე სტანდარტის თავშესაფრის ის პროექტები გააცნეს, რომელიც კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში აშენდება. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
პროგრამებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა გეგეჭკორის თქმით, კახეთში თანამედროვე სტანდარტების მქონე თავშესაფარი 1 მილიონ 240 ათასი ლარი ჯდება. სამცხე-ჯავახეთში კი 900 ათასზე მეტი. მისი წინასწარი გათვლებით, სამეგრელოში თავშესაფრის აშენების შემთხვევაში, თითოეულ მუნიციპალიტეტს თვეში 8000 ლარის გადახდა მოუწევს.
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მოწყობის ღირებულებაზე სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებმა განაცხადეს, რომ ასეთი თანხის გადახდა არცერთ მუნიციპალიტეტს არ შეუძლია.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ თავშეფარის მშენებლობა აუცილებელია, მაგრამ თუ ეს იქნება ის თანხები, რომელიც ძალიან არ დააწვება ბიუჯეტს და შევძლებთ ამ თანხების ჩადებას, რა თქმა უნდა პრობლემა მოსაგვარებელია“, – თქვა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ.
მის მსგავსად ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამაც განაცხადა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თავშესაფრის ასაშენებლად დასახელებული თანხა ვერ გამოიყოფა. მისივე თქმით, ის ყოველწლიურად 5000 ლარს ხარჯავს მიუსაფარი ძაღლების გურიის თავშეაფარში გადაყვანაზე.
შეხვედრაზე მყოფი ცხოველების დამცველების განცხადებით, მუნიციპალიტეტებმა უნდა გააკონტროლონ ის თანხები, რასაც ისინი თავშესაფრებს უხდიან.